ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა ახალგორის რაიონშია
დღის სამი საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 52,79%-ია.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა ფილიევა ავრცელებს.

მისი თქმით, ყველაზე დაბალი აქტივობა ქალაქ ცხინვალშია, ხოლო მაღალი - ახალგორის რაიონში.

კერძოდ, ახალგორის რაიონში ხმა 62,21%-მა მისცა.

შემდეგ მოდის ზნაურის რაიონი - 59,98%; რაც შეეხება ჯავის რაიონს, აქ აქტივობა 56,59%-ია.

ქალაქ ცხინვალში 55,6%.

სულ დე-ფაქტო მთავრობის არჩევნებისთვის 32 736 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 6 ათასი მოქალაქე ჩრდილოეთ ოსეთში.

უბნები გახსნილი აქვს მოსკოვშიც.

ადგილობრივი კანონმდელობით პრეზიდენტი აირჩევა 50%+1 ხმის პრინციპით.

მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მეორე ტურს არ გამორიცხავს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი მიმდინარეობს.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საარჩევნო უბნებზე მშვიდი ვითარებაა.

სულ 80 დამკვირვებელია რეგისტრირებული რუსეთიდან, აფხაზეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებიდან.

სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და ევროკავშირი არალეგიტიმურს უწოდებს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილია, რის გამოც, ჩატარებული არჩევნები ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ სურვილს არ ასახავს.

გარდა ამისა, რეფერენდუმის მიხედვით, შესაძლოა ,,სამხრეთ ოსეთს" ეწოდოს ,,რესპუბლიკა ალანია"
Print

სტატიის გამოყენების პირობები