ახალი ამბები
მინისტრი ციხელაშვილი ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმს პროვოკაციად აფასებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

ციხელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ცალსახაა - ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმი, ვერც პროცესი და ვერც შედეგი, ვერ იქნება სამართლებრივი ხასიათის მატარებელი, არის არალეგიტიმური და ცხადია, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

,,ამ აქტივობას საერთო არაფერი აქვს ხალხის ნებასთან და ვერ იქნება განხილული რეფერენდუმად იმ ვითარებაში, როდესაც მავთულხლართებით იზოლირებული რეგიონიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილი ან გადახვეწილია, ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებები კი უხეშად ირღვევა. ე.წ. რეფერენდუმი შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ, როგორც მორიგი პროვოკაცია და პოლიტიკური მანიპულაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის მიერ ანექსიის თემით." - აცხადებს ციხელაშვილი.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პროცესებთან დაკავშირებით შეფასება უკვე გაკეთდა და იგი დარწმუნებულია, რომ კვლავაც გაკეთდება.

,,საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორმატსა და პლატფორმას იყენებს პარტნიორების ინფორმირებისთვის და მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის მიერ ანექსიის მიმართულებით მორიგი ნაბიჯების გადადგმა." - აღნიშნავს მინისტრი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები