ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა ფილიევამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ანატოლი ბიბილოვი გამოაცხადა.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი ცხინვალში ადგილობრივ ჟურნალისტებთან გაიმართა.

მისი თქმით, პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ხმების უმრავლესობა მიიღო და 50%+1 ბარიერი გადალახა.

საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 57,9%-მა მხარი ბიბილოვს დაუჭირა. 

დე-ფაქტო ხელისუფლების მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხმების 30% მიიღო. ხოლო მესამე კანდიდატმა, ალან გაგლოევამ (უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი) - 11,01%.

რაც შეეხება რეფერენდუმს, არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა 78%-მა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთისთვის ,,რესპუბლიკა ალანიას" სახელის მინიჭებას.

ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი გმობს. 

სულ დე-ფაქტო მთავრობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 32 736 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, 6 ათასი ამომრჩეველი ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს. არჩევნებზე კი, ამომრჩეველთა 81% მივიდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები