ახალი ამბები
მოსკოვი ცხინვალში ჩატარებული არჩევნების შედეგებს მიესალმება
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს ჩატარებულ არჩევნებს მიესალმება და იქ განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიულ პროცესად აფასებს.

ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

სააგენტო ,,რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებით მოხარულია იმით, რომ კონკურენტი კანდიდატები პრო-რუსული ორიენტაციით გამოირჩევიან და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სწორედ, მათზე გააკეთა არჩევანი.

,,ჩვენ მივესალმებით საპრეზიდენტო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური, ჭეშმარიტად კონკურენტული დემოკრატიული არჩევნები, საარჩევნო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ წარიმართა. უფრო დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის არის ის ფაქტი, რომ ძირითადად კონკურენცია ორ კანდიდატს შორის იყო, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეები არიან და ჩვენ მივესალმებით ამ დამოკიდებულებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხინვალში ჩატარებული არჩევნები არალეგიტიმურია და ის, ძირითადად, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის ინტერესებს ატარებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბელა ფილიევამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ანატოლი ბიბილოვი გამოაცხადა.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი ცხინვალში ადგილობრივ ჟურნალისტებთან გაიმართა.

მისი თქმით, პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ ხმების უმრავლესობა მიიღო და 50%+1 ბარიერი გადალახა.

საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 57,9%-მა მხარი ბიბილოვს დაუჭირა.

დე-ფაქტო ხელისუფლების მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხმების 30% მიიღო. ხოლო მესამე კანდიდატმა, ალან გაგლოევამ (უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი) - 11,01%.

რაც შეეხება რეფერენდუმს, არჩევნებში მისულ ამომრჩეველთა 78%-მა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთისთვის ,,რესპუბლიკა ალანიას" სახელის მინიჭებას.

სულ დე-ფაქტო მთავრობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 32 736 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან, 6 ათასი ამომრჩეველი ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს. არჩევნებზე კი, ამომრჩეველთა 81% მივიდა.

„ევროკავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სახელის გადარქმევაზე რეფერენდუმი იმართება“, - განაცხადა 8 აპრილს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა.

„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განაცხადა მან.

ევროკავშირი „მტკიცე მხარდაჭერას“ უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს გადაწყვეტილებას, რომ 9 აპრილს ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციური სახელის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიად გადარქმევის თაობაზე“, - განაცხადა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ ტონერმა 7 აპრილს.

საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების განცხადებებს სააგენტო civil.ge ავრცელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები