ახალი ამბები
დეგრადირებული სავარგულებისა და საძოვრების შემცირების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს, ქალაქ გორში, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლისა და კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართა.

საპილოტე პროექტის გასაცნობად ფერმერებიც მიიწვიეს.

მიწის მდგრადი მართვის დასანერგად კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებაა დაგეგმილი.

ამავე დროს, პროგრამა ითვალისწინებს დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემცირებას, მიწის ხარისხის გაუმჯობესებასა და მიწის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ქმედებების ხელშეწყობასა და გაძლიერებას.

ახალ პროგრამას „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“ ჰქვია, რომელსაც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) აფინანსებს და მასზე გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) მუშაობს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრთან (RECC) ერთად განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ანთროპოგენული ზეგავლენის შემცირებაზე, განსაკუთრებით დეგრადირებულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შეცვლაზე, ტყის დეგრადაციის შემცირებაზე, დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მდგრადი პრინციპების გამოყენებით დაგეგმვაზე იმუშავებენ.

მაღალი რისკის ადგილებში დაგეგმილია დეგრადირებული ტერიტორიის/მიწის აღდგენა და შენარჩუნება.

შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მიწის რესურსების მდგრადი გამოყენების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გაიზრდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები