ახალი ამბები
ცხინვალში 80-წლის როზა ჯინჯიხაშვილს ფული წაართვეს და სცემეს
ქალაქ ცხინვალში, ,,ებრაელების უბანში" მცხოვრებ როზა ჯინჯიხაშვილს ახალგაზრდა მამაკაცმა ფული წაართვა და სცემა.

80-წლის მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობს. ადგილობრივ ჟურნალისტ ფატი კოზაევას ცნობით,  ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, თუმცა მეზობლები ყურადღებას აქცევენ.

ფაქტთან დაკავშირებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სოფელ ტბეთში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. 

წარსულში არაერთხელ ნასამართლევ ახალგაზრდას, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ფსიქიატრიული პრობლემები დაუდგინეს.

დაკავებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილობრივმა პროკურატურამ მას ბრალი ქურდობისა და გაუპატიურების მცდელობის მუხლით, წაუყენა. 

ქართველი ებრაელი როზა ჯინჯიხაშვილი  ,,ებრაელების უბნის" უკანასკნელი მკვიდრია. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ რეპორტაჟი გასულ წელსაც მოამზადეს.

ამ რეპორტაჟის შემდეგ ნათესავებმა ისრაეულიდან  დახმარება გაუწიეს.

ცხინვალელი ჟურნალისტის ცნობით, ალჰოკოლზე დამოკიდებული პირები მის სახლთან იკრიბებოდნენ, ხან ფულს და ხან სასმელს სთხოვდნენ. 

როზა ჯინჯიხაშვილს ნათესავები საქართველოს   ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიაზეც ჰყავს, თუმცა, ცხინვალელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ახლობლები მის ნახვას ვერ ახერხებენ.






Print

სტატიის გამოყენების პირობები