ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიცია ერთი წელია ,,ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო სისტემაზე" მუშაობს
შიდა ქართლის პოლიცია ერთი წელია ,,ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამაზე" მუშაობს.

მისი ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სამხარეო პოლიციის შენობაში გაიმართა.

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში აპრობირებული მოდელია.

იგი ხელს უნდა უწყობდეს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდიდეს გამოძიების ეფექტიანობას.

პროექტის თანახმად, პოლიციის მთლიანი საქმისწარმოება ელექტრონულ ფორმატშია გადასული და ანალიტიკოსებს, შესაბამისი ანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, რისკების წინასწარ განსაზღვრა შეუძლიათ.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ბესიკ ამირანაშვილი და შალვა ხუციშვილი, ევროკავშირის ექსპერტი გამოძიების მიმართულებით უვე შვაიფერი და შსს-ს შიდა ქართლის რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეები პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიური სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტსაც გაეცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის განხორციელება გორში, რუსთავსა და თბილისში 2016 წელს დაიწყო.

გორის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე საპილოტე პროექტი, მიღწეული შედეგების მიხედვით, წარმატებული აღმოჩნდა, მათ შორის, დანაშაულის პრევენციის კუთხით.

შს სამინისტრო გეგმავს, რომ აღნიშნული მოდელი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლიდან ამოქმედდეს, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ მიდგომას ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობით ჩაანაცვლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები