ახალი ამბები
გორის მერია მიუსაფარი ძაღლების პრობლემის შესახებ ანგარიშს მოამზადებს
უახლოეს ორ თვეში გორის მერია მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების შესახებ, სპეციალურ დოკუმენტს შეიმუშავებს.

ამის შესახებ ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტს ანგარიშისა და რეკომენდაციის სახე ექნება.

,,მოწვეული სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას, სადაც ასახული იქნება ის გამომწვევი მიზეზები, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა. იქნება საკითხი დეტალურად შესწავლილი, გაანალიზებული და, შემდეგ, რეკომენდაციებს წარმოადგენენ" - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

მარტსა და აპრილში ქალაქ გორში ცხოველთა წამების ორი ფაქტი გახმაურდა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

მიუსაფარ ძაღლების თავშესაფრის დირექტორი, თამარ აფციაური აცხადებს, რომ ქალაქში ცხოველების მიმართ აგრესია გაზრდილია.

ქალაქის მერი ადასტურებს, რომ გორში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაზრდილია. ის ამას იმით ხსნის, რომ რაიონებიდან მოქალაქეები ძაღლებს ქალაქში ტოვებენ.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ მას მერიაში, ხუთ ორგანიზაციასთან ერთად, მომზადებული პროექტი აქვს წარდგენილი, სადაც დეტალურადაა აღწერილი მიუსაფარ ცხოველთა დაცვის შესახებ სამოქმედო გეგმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები