ახალი ამბები
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო imoqmede.ge-ს ქმნის
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახალ ვებ-გვერდს, imoqmede.ge-ს ქმნის.

სოციალური კამპანია − „იმოქმედე“ - იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის თებერვალში დაიწყო.

კამპანიის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება; საზოგადოების, ძალადობის არცთუ იშვიათ შემთხვევებზე მშვიდი დამკვირვებლის, ან, სულაც, სანახაობის მოყვარულთა ამოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება.

კამპანიის მთავარი გზავნილები საზოგადოებას imoqmede.ge-ს გამოყენებითაც მიეწოდება.

საიტზე ასახული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, საკანონმდელო ცვლილებების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

მათი მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცსა თუ ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია. ცვლილებათა პროექტი მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც ახალ მიდგომებს ითვალისწინებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები