ახალი ამბები
ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანების იდეის წინააღმდეგ გორში ხელმოწერების შეგროვება იწყება
საქართველოს ხელისუფლებაში დაწყებულ მსჯელობას, გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე, გორშიც გამოეხმაურნენ.

პროტესტისა და საკუთარი აზრის გამოხატვის მიზნით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი არ შეივსო, შეხვედრის ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ პეტიციას უამრავი ადამიანი მოაწერს ხელს.

პეტიცია მუშავდა, რომლის საბოლოო შინაარსი, გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების წინააღმდეგ იქნება მინართული.

საქართველოს შვიდ ქალაქს შორის, გორის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და რეფორმის შემდეგ, გაიყო. ამ რეფორმის წყალობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ გორის მერია შეიქმნა.

მერიის უფლებამოსილება თვითმმართველი ქალაქის, ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვრცელდება, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა - თვითმმართველი თემის (დაახლოებით 101 სასოფლო დასახლების) ცენტრად.

ორივე უწყების ხელმძღვანელობას მისამართი ქალაქ გორში აქვს.

2017 წლის 29 მარტს გავრცელუბული განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება არ ეხება მერების და გამგებლების არჩევითობის საკითხს. მათი მთავარი მიზანია, რომ მუნიციპალიტეტებში აუცილებლად უნდა შეიქმნას მართვის ისეთი სისტემა, რომელიც უფლებამოსილებების ჯეროვან განხორციელებას და რესურსების ეფექტიან განკარგვას უზრუნველყოფს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები