ახალი ამბები
დღეს მართლმადიდებლური სამყარო უფლის აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს
წმინდა ცეცხლი გორის საკათედრო ტაძარში წუხელ გვიან ღამით ჩამოაბრძანეს.

ღამის თევის მსახურება მეუფე ანდრიამ აღავლინა.

იერუსალიმის უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:22 საათზე გადმოვიდა.

მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:18 საათზე შევიდა. მანამდე იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ.

იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.

წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში მამა იაკობმა ჩამოიტანა. აეროპორტში ჩარტერულ რეისს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები დახვდნენ.

დღეს, მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა მოეწყო, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელს გალობდნენ.

სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები