ახალი ამბები
გორის რაიონიდან ,,საუკეთესო მოქართულეს" კონკურსში 138 მოსწავლე მონაწილეობს
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, რაიონის მოსწავლეებს შორის, 2017 წლის საუკეთესო მოქართულის გამოსავლენად, კონკურსი მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის ახალგაზრდული განყოფილებიდან აცნობეს.

მოსწავლეებს ტესტირება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უკვე ჩაუტარდათ. შარშანდელთან შედარებით,  კონკურსანტების რაოდენობა,  გასამმაგდა.

,,რა თქმა უნდა, თადარიგი დაჭერილი გვქონდა, მაგრამ ნიჭიერი ახალგაზრდების ასეთ მოზღავებას მაინც არ ველოდით და მუშაობა, ცოტა არ იყოს, ექსტრემალურ პირობებში მოგვიწია." - აცხადებს კულტურის ცენტრის წარმომადგენელი გულიკო ბზიშვილი.

წლევანდელ გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა „კინდლის“ მე-8, ბოლო თაობის თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული წიგნების საკითხავად.

ასევე, ყველაზე მაღალი ქულების მქონე 15 მონაწილე რაჭაში ექსკურსიაზე გაემგზავრება.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის პროექტი „საუკეთესო მოქართულე“ შეიქმნა 2016 წელს. იგი მიზნად ისახავს, აამაღლოს ახალგაზრდების მეტყველების (როგორც ზეპირი, ისე წერითი) კულტურის დონე ყოველწლიური ინტელექტუალური კონკურსებისა და თამაშების გზით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები