ახალი ამბები
დვანის სასაფლაო ზემო დვანელების გარეშე (PHOTO/VIDEO)
სასაფლაოზე, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გარშემოა გაკეთებული, გარდაცვლილი დვანელები და ზემო დვანელებია დაკრძალული.

მიცვალებულთა წმინდა ადგილზე, წლევანდელ აღდგომას, მხოლოდ, დვანელები გავიდნენ. ზემო დვანელი თიბილოვებისა და თედეევის საფლავები კი, მიტოვებულია. 

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფ ზემო დვანში ახალი სასაფლაოა გაკეთებული. ამ სოფლიდანაა დე-ფაქტო მთავრობის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, რომელიც მიმდინარე წლის არჩევნებში დამარცხდა.




სოფელი ზემო დვანი, აკონტროლებს დე-ფაქტო მთავრობა. ფოტოზე ლეონიდ თიბილოვის სახლი ჩანს



ერთი შეხედვით, სასაფლაო ერთიანია. აქ, როგორც ქართველების, ასევე, ეთნიკური ოსების მამა-პაპური საძვალეა. ქვებზე, როგორც მეოცე საუკუნის 80-იან წლებში გარდაცვლილთა გვარებია აღნიშნული, აგრეთვე, მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს გაკეთებული ქვის ქანდაკებები დგას.

წარწერებიდან აშკარაა, რომ 1985-86 წლების შემდეგ, ზემო დვანელებს მიცვალებულები საერთო სასაფლაოზე ნაკლებად მოჰყავდათ.




ციცო მამაგულაშვილი სოფელში შაბათ-კვირა ჩადის. აღდგომის დღეებში, ახლობლებთან ერთად, მამის საფლავი მოინახულა.

,,იყო დრო, როდესაც აქ სააღდგომო დღესასწაულებზეც კი, ვერ ამოვდიოდით. ეს ტერიტორია თითქმის გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ჩვეულებრივი დღეებში აქ რუსის ჯარისკაცები მოძრაობენ. მაინც შიში გვაქვს, რომ არაფერი მოხდეს." - ამბობს ქალბატონი ციცო.

მისთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ მამის საფლავზე გასვლა ვერ შეძლოს.

,,რატომ არ უნდა შეეძლოს ადამიანს, თუნდაც, შაბათ-კვირას ამოვიდეს საფლავზე, შევიდეს ეკლესიაში. ოსებისთვისაც ძალიან მტკივნეული იქნება ეს ამბავი. ისინი საერთოდ არ მოდიან. აქ მათ ჩვენი სოფლელები არაფერს ეტყვიან. როგორც ვიცი, მესაზღვრეები არ უშვებენ." - ამბობს ცირა მამაგულაშვილი.

ეკლესია და სასაფლაო მთის წვერზე მდებარეობს. ეს ადგილი ორივე სოფელს ზემოდან დაჰყურებს. ეკლესიასთან მისასვლელი სამანქანე გზა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან გადის.




წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. დვანელებისა და ზემო დვანელების წმინდა სალოცავი.  ჩვეულებრივ დღეებში რუსეთის სამხედროები მოძრაობენ. 



დვანელები და მათი სტუმრები



ფოტოზე: თამაზ კოპაძე. ოსური ლუდით

ამ ადგილიდან, ასევე, კარგად ჩანს ფრონეს ხეობის დანარჩენი სოფლები. შორს კი, ლიახვის ხეობის ქედები ჩანს.

რობიზონ კახნიაშვილი, რომელიც დიდი ლიახვის ხეობიდანაა, აღდგომას დვანის ეკლესიაში გავიდა. 

,,გადმოცემით ვიცი, რომ კეხვსა და თამარაშენში, დიდი ლიახვის სოფლებში, საფლავები არაა განადგურებული, მაგრამ ვერ შევდივართ. სამაგიეროდ, ჩვენი სოფლებია მიწასთან გასწორებული. აქ მოვედი იმისთვის, რომ ეს ეკლესია ახლოსაა ჩვენს ხეობასთან, აქედან ხელისგულივით ჩანს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი წინაპრების საფლავებთან ვერ მივდივართ" - ამბობს რობიზონ კახნიაშვილი.

ეკლესიაში ნულიდან დევნილმა და დვანელების სიძემ (რომელსაც გელა ჰქვია) სანთლები დაანთო. მდინარე ფრონეს ხეობას  და იმ სოფლებს გადახედა, სადაც გაიზარდა. მიცვალებულთა სასაფლაოზე კი, საქართველოს ერთიანობის სადღეგრძელო დალია.













Print

სტატიის გამოყენების პირობები