ახალი ამბები
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მოქალაქე დავით თაბუაშვილს ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა ჯაგრცხილას სახეობის საშეშე მერქანი.

საავტომობილო მაგისტრალზე კი, ავტომანქანის ძარაზე, რომელსაც მოქალაქე მიხეილ შაყულაშვილი მართავდა, განთავსებული იყო 3,0 მ3 ფიცარი.

მძღოლი ხე-ტყის ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრის გარეთ ახდენდა, რაც სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევას წარმოადგენს.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები