ახალი ამბები
სურამში პოლიციელები და ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სურამის შს სამმართველოს შენობაზე თავდასხმისა და მისი ხელმძღვანელის შეურაცხყოფის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.

ამის თაობაზე, ხაშურის სასამართლოს მოსამართლემ ხუთივე ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობა 5 აპრილს შეუფარდა.

დაკავებულების ადვოკატები კომენტარისგან თავს იკავებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

არაოფიციალური ვერსიით, სურამის პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე მოქალაქე შემოწმების მიზნით სამმართველოში წაიყვანეს. ბრალდების მიხედვით, თავდაპირველად, შეხლა-შემოხლა ორ ახალგაზრდასთან მოუვიდათ. სასამართლოში წარდგენილი ბრალდების მიხედვითა და პროკურორის მტკიცებით, ახალგაზრდებმა 4 აპრილს შენობის ნაწილი დაარბიეს და უფროსს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტთან დაკავშირებით, ისინი იმავე საღამოს დააკავეს.

მეორე დღეს, მეგობრების ამბის გასაგებად, სამმართველოში კიდევ სამი პიროვნება მივიდა. პროკურატურის მტკიცებით, დანარჩენებმაც შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს

ოთხ დაკავებულს ადვოკატი ლარისა ჩადუნელი, ხოლო მეხუთეს - ადვოკატი მაია ხაჩიძე იცავენ. მაია ხაჩიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება სხვა დეტალებს, ადვოკატებს ამის შესახებ საუბარი არ სურთ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები