ახალი ამბები
კაბინეტში მოქალაქე სცემეს - ქურდული გარჩევა გამგეობის უკან გაგრძელდა
ხაშურის ეკონომიკური სამსახურის უფროსის კაბინეტში მოქალაქე ზაზა მეხრიშვილი სცემეს.

ამის შესახებ წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი გურასპაშვილის სახელზე გუშინ, 21 აპრილს, შეიტანეს.

ინციდენტი 19 აპრილს მოხდა.  სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი იმავე დღეს შვებულებაში გავიდა.

გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, მათთვის ინციდენტის შესახებ უცნობია.

ზაზა მეხრიშვილი ყვება, რომ ის სერგო ლალიაშვილმა კაბინეტში დაიბარა, რომელმაც ახსნა-განმარტება მოსთხოვა იმის თაობაზე, თუ რატომ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პოსტი.

აღნიშნული პოსტის მიხედვით, ზაზა მეხრიშვილი წერდა:

,,ხაშურში ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოთ კი ქონების მართვის სამსახურს საკუთარი ბოსტანი გონია ხაშურის ქონება. ეს პიროვნებები, როგორც უნდა ისე ექცევიან სახელმწიფო ქონებას, უამრავი ხალხი მიდის მიწებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ბიზნესი დაწყონ, არის უამრავი შეთავაზებებები, მაგრამ ეს ხალხი ისე აკეთებს ყველაფერს, რომ ხალხი ვერ იწყებს ბიზნესს. იმის მაგივრად, რომ ქონების მართვის წარმომადგენლებმა თვითონ შეთავაზონ გარკვეული მიწები ბიზნესმენებს ტექნიკურად უარით ისტუმრებენ, ან ისეთ განცხადებას დააწერინებენ, უარს მიიღებენ. ასე იკარგება უამრავი ინვესტიცია ხაშურში. ზუსტად ვიცი, რომ რეგიონალური ქონების მართვის წარმომადგენლები და ხაშურის ქონების მართვა შეკრულები არიან. ეს ხალხი წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდნენ თანამდებობებზე, პოლიტიკაში არ ერეოდენ, თუმცა გადახლართულები არიან ერთმანეთთან და ასხვისებენ მიწებს, მხოლოდ, საახლობლოზე, მეგობრებზე და ეგრეთწოდებულ ბიზნესმენ მამაოებზე, რომლებსაც წილებში უჯდებიან. ამოიღეთ მათი წინა წლების გასხვისებული მიწები და ეხლაც და იპოვით კავშირებს. სასწრაფო წესით გასაწმენდია ქონების მართვის სამსახურები რეგიონში ასეთი თანამშრომლებისგან. ეს ხალხი ბიზნესის განვითარებას და ხალხის დასაქმებას უშლის ხელს, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ხაშურის დეპუტატს სიმონ ნოზაძეს კი ვთხოვთ შუამდგომლობა გაუწიოს შესაბამის ორგანოებთან ხაშურის მოსახლეობას, ასეთი საჯარო მოხელეების გასაწმენდათ სტრუქტურებიდან."

ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ზაზა მეხრიშვილს შეხვედრა სერგო ლალიაშვილმა სთხოვა.

,,მომაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა საკუთარ კაბინეტში. ხმაურზე სხვა თანამშრომლებიც, ნოდარ ივანიშვილი, ალიკო ჩიქოვანი და ავთო ჩიტიძე შემოვიდნენ. ორმა ხელები გადამიგრიხა. ვიდექი ერთ ადგილზე და, მხოლოდ, სიტყვიერად მოვუწოდებდი შეჩერებას. ამას არ დაჯერდა ქონების მართვის სამსახურის უფროსი  და გარეთ გამიყვანა გამგეობის უკან საქმის გასარჩევად" - აცხადებს ზაზა მეხრიშვილი.

იგი გამგებელს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები