ახალი ამბები
გორის სოფლებში ღამით ყინვამ ხეხილი და ბოსტნეული დააზიანა
,,წუხელ, ღამის სამ საათზე გავედი, მოსახლეობის ნაწილს ხეხილის ბაღებში ცეცხლი უკვე ენთო. ვისაც რა შეეძლო, იმას წვავდა" - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ გიგუაშვილი.

მისი თქმით, მოსალოდნელი პროგნოზი გამართლა და 26 აპრილის დილის საათებში, ე.წ. ზემო მხარის სოფლებში დაბალმა ტემპერატურამ მოსავალს პრობლემები შეუქმნა.

,,მე, რამდენიმე ადამიანს ვურჩიე კიდეც, რომ ცეცხლი განსაკუთრებით დილის 4 საათის შემდეგ გაეჩაღებინათ. ამ პერიოდში უფრო ეცემა ტემპერატურა" - გვითხრა თეიმურაზ გიგუაშვილმა, რომელიც სოფელ ტყვიავში ცხოვრობს.

ძევერის წარმომადგენელი საკრებულოში მევლუდ პურიჭამიაშვილი ამბობს, რომ მათ თემში ბევრმა ოჯახმა ცეცხლის დანთება ვერ მოახერხა.

,,მაინც არ გვეგონა, რომ ასეთი ყინვა იქნებოდა. რასაც გამოტანილი ჰქონდა ყვავილი, დაზიანდა." - ამბობს მევლუდ პურიჭამიაშვილი

ტემპერატურა აღნიშნულ სოფლებში -4 გრადუსამდე დაეცა. ანალოგიური, 27 აპრილსაცაა მოსალოდნელი.

ვაზის შემთხვევაში აგრონომები მოსახლეობას იმით ამშვიდებენ, რომ ძლიერი ფესვის შემთხვევაში, ახალ კვირტს გამოიტანს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები