ახალი ამბები
პოლიციელები გარდაცვლილი თანამშრომლის მეუღლეს თანხის დაბრუნებას აიძულებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 27-წლის თეა ახვერდაშვილის ანგარიშზე გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ამის შესახებ  თეა ახვერდაშვილმა მთავარ პროკურატურას წერილობით 24 აპრილს აცნობა.

განცხადების მიხედვით, პოლიციის თანამშრომლები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, სოციალურ ქსელში მის ფოტოებს აქვეყნებენ, რაც შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს.

საქმე იმაშია, რომ 4 აპრილს სოციალურ ქსელში თეა ახვერდაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა. მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული გოგოსთვის თანხა დახმარების სახით გადაერიცხათ.

თეა ახვერდაშვილის ანგარიშზე, როგორც თავად ამბობს, 1000 ლარამდე გადაირიცხა. 

მას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 2 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, რომელიც ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო.

მისი თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნევროზი დაემართა და ამ ეტაპზე ე.წ „არამიანიცის“ საავადმყოფოში ნევროლოგიურ აღრიცხვაზე იმყოფება და ნევროპათოლოგის დანიშნულებით იღებს ფსიქოტროპულ პრეპარატებს.

„მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დამემართა ნერვული სტრესი, 9 წლის შვილთან ერთად ვცხოვრობ ქირით, სახელმწიფოსგან მე ვიღებ გარკვეულ დახმარებას, თუმცა მქონდა გარკვეული პრობლემები და მეგობრებს თანხა ვთხოვე, მეგობრებმა ჩემი თხოვნა სოციალურ ქსელში დადეს და ჩემს დასახმარებლად ანგარიშის ნომერიც მიუთითეს, სწორედ ამის შემდეგ წამოვიდა შეურაცხყოფის ნიაღვარი, ე.წ „ფეიქებით“ რამდენიმე ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მე ვარ თაღლითი და თანხას ვითხოვ, დებენ ჩემს პირად ფოტოებს, რომელიც საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზეც კი არ მაქვს ატვირთული, არ ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები, წერენ ყველა ჩემს მეგობარს ჩემზე ცილისმწამებლურ წერილებს, ეს გრძელდება უკვე ერთი კვირაა, იდება სხვადასხვა ჯგუფებში, ის რაც სოციალურ ქსელში ხდება თვითმკვლელობამდე მიმიყვანს“ - სწერს თეა ახვერდაშვილი მთავარ პროკურორს.

,,მე თანხას არავის ვძალავ. არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები. მე მათ საერთოდ არ ვიცნობ, საერთო ჯამში საუბარია 1000 ლარზე. მაქვს ნერვული პრობლემები. მიწოდებენ თაღლითს პირად მიმოწერებში და არა მარტო თაღლითს, ნარკომანს, მეძავს, იგივე ინფორმაციას აწვდიან ყველა ჩემს ახლობელს.“ - აცხადებს ახვერდაშვილი.

ახვერდაშვილი მუქარისა და შეურაცხმყოფელი მიმართვების ადრესატების დადგენას ითხოვს. მთავარ პროკურორს უსახელებს რამდენიმე პოლიციელს, რომლებიც მათთან სახლში მივიდნენ და დაჭერით დაემუქრნენ.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები