ახალი ამბები
ატენის სკოლასთან მდინარე ტანას სანაპირო გამგეობის თანამშრომლებმა დაასუფთავეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა, ატენის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ტანას სანაპირო დაასუფთავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მასშტაბურ აქციას “სუფთად ევროპისკენ“ ადგილობრივი ახალგაზრდები შეუერთდნენ.

პარალელურად აქცია გაიმართა მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში - სოფელ არბოში ადგილობრივებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ნიკო ლომოურის სახლმუზეუმის ტერიტორია, შავშვებში კი კულტურის სახლის, საბავშვო ბაგა-ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის ეზოები დაასუფთავეს.

კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოხდა მოგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა.

,,50 - ზე მეტი სოფლიდან უკვე გამოდის საყოფაცხოვრებო ნარჩენები, დაიდგა ასობით ურნა. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტანას ხეობაში დამატებით დაიდგა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები. კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ავტობანის გორი-ქარელის მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და გაწმენდა" აცხადებენ გამგეობაში.

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დასუფთავების კვირეული - “სუფთად ევროპისკენ“ გამოაცხადა.

მთელი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“;

კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები