3 მაისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) 90-ანი წლებისა
და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების დროს და მის შემდგომ პერიოდში
უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ნეშტების მოსაძიებლად მორიგი
გათხრები დაიწყო.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციიდან
აცნობეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, მაია
ქარდავას ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის
ექსპერტ-ანთროპოლოგები ამ პროცესს შიდა ქართლში სამი სამარხის გათხრით
იწყებენ. ამათგან - ორი გორში და ერთი - კასპში.
,,ინფორმაცია ამ სამარხების შესახებ შეგროვდა 2010 წელს წჯსკ-ს ეგიდით
შექმნილი ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ერთი მექანიზმის
ფარგლებში ქართველი და აფხაზი მონაწილეები, ხოლო მეორე მექანიზმის -
ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები მუშაობენ, რათა პასუხი გაეცეს
უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახების წევრებს. ამპლატფორმების
ერთადერთი მიზანია გაირკვეს იმ ადამიანების ხვედრი და ადგილსამყოფელი,
ვინც კონფლიქტებიდან ათეული წლების შემდეგაც უგზო-უკვლოდ არიან
დაკარგული." - აცხადებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.
2017 წლის მაისიდან აგვისტომდე პერიოდში წჯსკ გეგმავს 30-ზე მეტი
პოტენციური სამარხის გახსნას შიდა ქართლში, იმერეთში, აფხაზეთსა და
თბილისის შემოგარენში, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, საქართველოში
შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 150
ადამიანის ნეშტი იქნება მოძიებული.
2010-2016 წლებში 249 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 107
ამოცნობილია. ისინი ოჯახებს გადაეცა და პატივით დაიკრძალა. დანარჩენი
142 ნეშტის ამოცნობის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები