ახალი ამბები
ევროპის დღეებს გორში სხვადასხვა ღონისძიებებით 9 მაისს შეუერთდებიან
9 მაისს, ქალაქ გორში, ევროპის დღეებს ორდღიანი კამპანიით შეუერთდებიან.

კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები, ფორუმი და აქცია-კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, ორდღიანი კამპანიის მიზანი დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ ფასეულებების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებაა.

,,ევროპის დღეებს" საქართველოში რამდენიმე წელია სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. თუმცა, აღნიშნული კამპანია გამორჩეულია – ის თვითორგანიზებული საინიციატივო ჯგუფის მიერ ხორციელდება.

,,მიგვაჩნია რომ რუსული ოკუპაციის პირობებში, დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დემოკრატიულ ინტერესებს დააზიანებს. ჩვენი კამპანიით ვამბობთ, რომ პრორუსული იდეებისა და ძალებისთვის ადგილი გორშიც არ არის." - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათ სჯერავთ, რომ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება ყველა პოლიტიკური ძალისა თუ პროფესიის წარმომადგენელს გააერთიანებს.

,,ჩვენი ორდღანი კამპანიაც სწორედ ამ იდეის ხორცშესხმაა - ჩვენ უარს ვეუბნებით ტოტალიტარულ რეჟიმებს და ვირჩევთ პროგრესს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ 9 მაისს ვხედავთ აქტივობებს წითელი დროშების თანხლებით, მიგვაჩნია, რომ ეს თავსმოხვეული ინიციატივაა, რომელიც საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს." - აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიებების განრიგი ასეთია:

13:00 სთ - ფორუმი "ევროინტეგრაცია, გამოწვევები და პერსპექტივები" გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

20:00სთ - აქცია-კონცერტი "ჩვენ ვირჩევთ პროგრესს!" თეატრის ეზო.

კამპანიის მხარდამჭერები არიან: - საქართველოს პრეზიდენტის ფონდი; - არასამთავრობო ორგანიზაცია "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (NIMD);
- არასამათვრობო ორგანიზაცია "შენ დემოკრატიისთვის"; - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები