ახალი ამბები
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსი გამოცხადდა
შს სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ფოტოკონკურსს აცხადებს.

ის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კონკურსის თემაა „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“.

მსურველებმა საკონკურსო ფოტოები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 ივნისისა.

საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას. შესაძლებელია დადგმული/საგანმანათლებლო კადრები. ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული აპარატით, ზომებით - 3024X2016. საკონკურსო ფოტო უნდა გადმოიგზავნოს ციფრული ფორმატით.

შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული. კონკურსანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე, სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.

საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი. შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალური იქნება.


ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

I ადგილი - 3000 ლარი;

II ადგილი - 2000 ლარი;

III ადგილი - 1000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Print

სტატიის გამოყენების პირობები