ახალი ამბები
კარალეთში მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიწის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება

 

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საუბარი, დღეს, 25 ივლისს, საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრეხელიძესა და  მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, პიტერ გუდმანს შორის გამართულ შეხვედრაზე შედგა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ეგიდით განსახორციელებელი „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ განიხილეს. როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ გუდმანმა აღნიშნა, პროექტი უკვე დამტკიცებულია მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ.

 

„საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ მოიცავს ორ კომპონენტს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია (სოფლის მეურნეობის სამინისტრო)  და  მიწის ბაზრის განვითარება, რომლის განმახორციელებელი იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა.

 

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის პილოტ პროექტი გულისხმობს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველად სარეგისტრაციო სამუშაოებს 11  სოფელში.

 

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა: „პილოტ პროექტის ფარგლებში  მოხდება 48 000 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია, რომლის წინა, მოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას და არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ.   პროექტი ასევე დაარეგულირებს მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის საკითხს.  განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც დაგვეხმარება ქვეყანაში დავასრულოთ სასოფლო სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაცია, რაც დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასრტრო მონაცემთა ბაზა კი  ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას.“

 

პილოტ პროექტისთვის შერჩეულია შემდეგი სოფლები: დაბა შუახევი, ლახამულა, სალხინო, არბოშიკი, კარალეთი, საგურამო, ზარიძეები, დაბა მანგლისი, არხილოსკალო, ვედიდკარი, ჯიმითი-ბოგდანოვკა.

 

პილოტ პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, რასაც წინ უსწრებს სარეგისტრაციო საკანონმდებლო ბაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების ანალიზი, რომლიც უკვე ხორციელდება USAID EPI-ის დახმარებით.

 

პილოტ პროექტი 11 სოფელში 2014 წლის ოქტომბერში დაიწყება და 30 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

პროექტის საერთო ღირებულება 2,5  მილიონი აშშ დოლარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები