ახალი ამბები
დამტვრეულ მანქანას ხაშურის გამგეობის თანამშრომელი თავისი ხარჯებით არ აკეთებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხულ მანქანას ამავე გამგეობის თანამშრომელი თავისი ფინანსური სახსრებით არ აკეთებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, პიკაპის რემონტი 8 800 ლარი ჯდება, ხოლო ავტოშემკეთებელ კომპანიას საჭირო თანხას ბიუჯეტიდან გადაუხდიან.

გადაწყვეტილება 2017 წლის 3 მაისს მიიღეს.

გამგეობის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება 2016 წლის დეკემბერში დაამტვრია.

ადგილობრივი ,,გირჩის" წარმომადგენელი, ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ სოფელ წრომში მძღოლი ღორის დაკვლაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სუფრიდან დაბრუნებულ საჯარო მოხელეებმა ავარია მოახდინეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის განცხადებით, მანქანა მიემართებოდა სოფელ წრომის მიმართულებით, რათა მძღოლს, ეკონომიკური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების თანამშრომლები, ხაშურში დაებრუნებინა.

პრეს-სამსახური ადასტურებს, რომ შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა, თუმცა განმარტავს, რომ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ არანორმირებული სამუშაო დროის პირობებში და მათ ძალიან ხშირად უწევთ გვიან საღამომდე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით, რაც როგორც ქონების, ასევე, სხეულის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებულ ფოტოზე ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა გვერდიდან მყარ ობიექტსაა შეჯახებული. დაზიანებულ მანქანას ხაშურშივე, ლევან კიკაძის პროფილაქტიკაში შეაკეთებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ,,ტოიოტა ჰაილუქსი" 2012 წლის მარტშია შეძენილი 50 ათას ლარად.





Print

სტატიის გამოყენების პირობები