ახალი ამბები
პოლიციელის მანქანა საოჯახო საქმეებს შეეწირა (PHOTO)
დღეს, დილით, შს სამმართველოს გორის პოლიციის პიკაპი აკრძალულ ადგილზე გაჩერდა, კორპუსიდან ქუჩაზე გასასვლელი გზა მოულოდნელად გადაკეტა.

ამის გამო, ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც კორპუსის ეზოდან სტალინის გამზირზე გასვლას უკან სვლით აპირებდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მას შეეჯახა.

მოქალაქე 250 ლარით დააჯარიმეს, ხოლო პიკაპის მძღოლი, (რომლის ვინაობას პატრული და თვითონ პოლიციელები მალავენ) ,,გაამართლეს".

,,მეუღლე გადმოსვა მანქანიდან, რა არ შეიძლება? აბა, ტროტუარზე ხომ არ გაუჩერებდა" - გვიმტკიცებდა ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც კოლეგები ,,ჯიმოთი" მოიხსენიებდნენ.

პიკაპი არც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და არც ე.წ. ციმციმები ჰქონდა ჩართული, არც ხმოვანი სიგნალი.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საქმეზე მოკვლევის შემდეგ, დაადგინეს, რომ პოლიციის მანქანა ნელი სვლით მოძრაობდა, რა დროსაც გვერდით მხრიდან მიმავალი მანქანა შეეჯახა.

,,პიკაპი გაჩერებული არ ყოფილა, ნელი სვლით მიდიოდა და დაეჯახა ის მანქანა. ამ მანქანის მძღოლი აღიარებს, რომ მხოლოდ ცალ მხარეს გაიხედა, პიკაპის მხარეს არ გაუხედია და ვერ დაინახა და ამიტომ დაეჯახა." - აცხადებს პრეს-სამსახური.



Print

სტატიის გამოყენების პირობები