ახალი ამბები
პოლონეთის საჩუქრები გორის მუნიციპალიტეტს - პრეზენტაცია გამგეობაში
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პროექტის პრეზენტაცია წარადგინა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში ბავშვებისთვის, შშმ. პირებისა და მოხუცებულებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ცენტრი შიდა ქართლის რეგიონის 80 ბენეფიციარს მოემსახურება.

შერჩეულია შენობა, რომლის რეაბილიტაცია და აღჭურვა მალე დაიწყება. პროექტი, რომელმაც ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და გაიმარჯვა, 300 000 ლარის ღირებულებისაა.

რაჩიეჰოვიცესა და გოლდაპის მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად წარდგენილ პროექტში, პარტნიოორი მხარე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.

პოლონეთთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგებზე, დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მედიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრა.

გორელი სტუდენტების სტაჟირება პოლონეთის თვითმმართველი ერთეულების სხვადასხვა დეპარტამენტში, პოლონელი და ქართველი სპორტსმენების ერთობლივი წვრთნები, ქართული ფოლკლორის გაკვეთილები პოლონეთის მუსიკალური სკოლის აღსაღზრდელებისთვის - ეს იმ პროგრამების ჩამონათვალია, რომელიც პოლონეთთან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საერთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის შვიდ თვითმმართველ ერთეულთან აქვს გაფორმებული და ევროკავშირისა და პოლონეთის ფონდებში სხვადასხვა ერთობლივი პროექტი აქვს შეტანილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები