ახალი ამბები
ბოლო ზარზე მანქანა ცხვრის ფარაში შევარდა და ცხენს დაეჯახა
პირველი ფაქტი

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ნატახტართან, ბოლო ზარის კოლონას  ფარა შეხვდა.

ერთ-ერთი ავტომანქანა (,,ბეემვე") ცხვრებს და ცხენს დაეჯახა და ამოყირავდა.

მძიმედ დაშავდა წინა სავარძელზე მჯდომი ახალგაზრდა, რომელიც მოსწავლის ახლობელი იყო. მძღოლმა კი, სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

უკან მსხდომ მოსწავლეებს კი, არაფერი დაუშავდათ.

ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც გორის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯვრის მონასტრიდან გორში ბრუნდებოდნენ.

ავტომანქანას მართავდა 40-წლამდე ასაკის მამაკაცი, ერთ-ერთი მოსწავლის ბიძა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წეროვანის დასახლებიდან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ბრუნდებოდა და დაშავებული ახალგაზრდა მცხეთის საავადმყოფოში დროულად გადაიყვანეს.

მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ჯაყელი ამბობს, რომ მართალია მანქანის საჭესთან მოსწავლე არ იჯდა, თუმცა, ასეთ დროს, მეტი სიმკაცრეა საჭირო გზებზე მოძრაობისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

მეორე ფაქტი

ავარია მოხდა სოფელ ბერშუეთის სკოლის დამამთავრებელი კლასის საზეიმო მსვლელობის დროსაც.

სკოლის დირექტორის განცხადებით, ეს მანქანა მათი სკოლის მოსწავლეებს არ ეკუთვნოდა.

,,როგორც მითხრეს, ავტომანქანის მფლობელი უცხო ყოფილა, სხვათა შორის, არც ჩვენი თანასოფლელი. ერთ-ერთი გოგო ყვარებია და მისდევდა მათ. რა მოხდა და როგორ მოუვიდათ ავარია, არ ვიცი. მანქანა კი დაიმტვრა, მაგრამ ვინც იმ მანქანაში ისხდნენ, საბედნიეროდ, არ დაშავებულან" - აცხადებს ბერშუეთის სკოლის დირექტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები