ახალი ამბები
ტრაილერისა და ,,X6"-ის შეჯახების ამსახველი ფოტოები
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა იმ ფოტოებს ავრცელებს, რომელიც გორის გვირაბთან მომხდარ ავარიის გარკვეულ დეტალებს ასახავს.

სურათებში დაფიქსირებული მანქანა (,,ბეევმე" ,,X6") სწორედ ის სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გორის ავტოსადგომზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო შემთხვევიდან რამდენიმე საათში.

ავტოსაგზაო შემთხვევა 17 მაისს, დილის საათებში, 4-5 საათზე მოხდა.

ავარიისას 21-წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. მისი ავტომანქანა ტრაილერს დაეჯახა, რომლითაც, სავარაუდოდ, პატრულის დავალებით გზა მის შესაჩერებლად გადაკეტეს.

რუსთავი2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმს ტრაილერის მძღოლმა, გიორგი ღლონტმა განუცხადა, რომ გზის გადაკეტვა მას პატრულის თანამშრომელმა მოსთხოვა.

მისი თქმით, მას სატვირთო მანქანა დასვენების მიზნით, გაჩერებული ჰყავდა.

,,მოვიდა პატრულის თანამშრომელი და მითხრა, რომ სასწრაფოდ გზა გადამეკეტა, ვეკითხებოდი, თუ რატომ უნდა გამეკეთებინა ეს, მაგრამ მაჩქარებდა." - ამბობს გიორგი ღლონტი.

კიდევ ერთი დეტალი, რაც გაირკვა, ბექა ხახუბიას მანქანის გამოჩენამდე, გვირაბიდან, ევაკუატორის მანქანა გამოჩნდა. მისი მძღოლის თქმით, დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. პატრულის თანამშრომლებმა მას ანიშნეს, რომ მანქანა გაეჩერებინა. ევაკუატორი გზის მარჯვენა მხარეს გაჩერდა.

ამ დროს, გვირაბიდან უკვე ბექა ხახუბიას მანქანა გამოვიდა, რომელიც ჯერ ევაკუატორს კუთხეში დაეჯახა. დაჯახებისას ,,ბეემვემ" ტრაილერის მიმართულებით ტრაექტორია შეიცვალა და გვერდით მხრიდან შეეჯახა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ ,,ბეემვემ" გვირაბიდან გასვლისას მუხრუჭი გამოიყენა ევაკუატორთან მიახლოებისას, შემდეგ, უკვე მუხრუჭის კვალი აღარ ჩანს.

ოფიციალურად, დადგენილია, რომ პატრული ბექა ხახუბიას მანქანის დევნის ოპერაციას ახორციელებდა.










ავტომანქანა გორის ავტოსადგომზე



მუხრუჭის კვალი დაჯახებამდე, სავარაუდოდ, ევაკუატორთან შეჯახებისას
Print

სტატიის გამოყენების პირობები