ახალი ამბები
სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაცია დაიწყო
სამუშაოები დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მოინახულა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაგეგმილია შენობის მთლიანი ფასადის მოპირკეთება ეკლარის ახალი ქვის ფილებით, ფასადის შიდა სივრცის ჭერზე დაზიანებული ნალესის მოხსნა და ახლად შელესვა, ტერასაზე არსებული პერგოლის წყალგამძლე მასალებით დამუშავება.

სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების წილობრივი მონაწილეობით 219 000 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ალონისი“ ასრულებს, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

სამხატვრო სკოლის შენობა, რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალური ნაგებობაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, გორში 1974 წელს გაიხსნა. მას შემდეგ მას კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია, გარდა ინტერიერისა, რომელიც საფუძვლიანად მხოლოდ 2015 წელს შეკეთდა.

გასული ოთხი ათეული წლის მანძილზე შენობის ექსტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები