ახალი ამბები
საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის ფარული ტესტირება დასრულდა
საქართველოს ცემენტის ასოციაციამ (GCA), საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის პირველი ფარული ტესტირება დაასრულა.

აპრილის დასაწყისში, GCA-ს დაკვეთით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შვილობილმა კომპანია საქექსპერტიზამ სხვადასხვა ადგილობრივი მწარმოებლის 25 ცემენტის ტომარა ფარულად შეისყიდა.

თითო ცემენტის ტომრიდან აღებულ იქნა 5 ნიმუში. თითოეული სინჯი დაილუქა, მიენიჭა შესაბამისი კოდი და ნუმერაცია, რათა შემმოწმებელ ლაბორატორიებს არ ჰქონოდათ ინფორმაცია პროდუქციის წარმომავლობის შესახებ.

25 სატესტო სინჯის ერთი კომპლექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიას გაეგზავნა შესამოწმებლად.

ანალოგიურად დალუქული და კოდირებული კომპლექტები გაეგზავნა საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრი კომპანიების აკრედიტებულ ლაბორატორიებს პარალელური ტესტირებისთვის.

სინჯების მეხუთე ნაკრები სათადარიგოდ იქნა შენახული, საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ტესტირებისათვის.

GCA-ს დამფუძნებელთა აკრედიტებული ლაბორატორიების ტესტირების შედეგად მხოლოდ 8 ნიმუშმა (მათ შორის, GCA-ს წევრთა 6-მა პროდუქციამ და 2-მა დანარჩენმა) გაიარა ტესტირება, რომელთა ხარისხი EN სტანდარტის შესაბამისი აღმოჩნდა.

ასევე დასრულდა ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლის შედეგიც 25 მაისს პრეს კონფერენციაზე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

აღნიშნული ტესტირების სრული პროცესი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის
ზედამხედვლობით განხორციელდა.

საქართველოს ცემენტის ასოციაცია 2017 წელს დაფუნძდა. ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან კომპანია ჰაიდელბერგცემენტი და კავკაზ ცემენტი/GBG. თუმცა ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებელი, რომელსაც ექნება სურვილი და მზაობა დააკმაყოფილოს ასოციაციის წესდებაში მითითებული წევრობისათვის საჭირო კრიტერიუმები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები