ახალი ამბები
საქადაგიანოში ნარკოტიკების ამოღების მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა
პოლიციამ, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, სპეცოპერაცია ჩაატარა.

ეთნიკური აზერბაიჯანელების დასახლებულ სოფელში ორი რეგიონის სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1974 წელს დაბადებულ მ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

პრეს-სამსახურის მტკიცებით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 0,1442 გრამ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას კი ამოღებულია 0,0107 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი.

გამოძიების ვერსიით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მ.ა.- მ 0,1568 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 500 ლარად გაყიდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები