ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
სადგურის დასახლებაში, ქარხნის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

ერთი პროექტით ქუჩის სრული ასფალტირება ადაპტირებული ტროტუარებითა და სანიაღვრე არხით, ხოლო მეორე პროექტით სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება.

ქარხნის ქუჩა სადგურის დასახლების ერთ-ერთი განაპირა ქუჩაა, სადაც ასფალტი არასოდეს ყოფილა და მოსახლეობას ათწლეულების მანძილზე ტალახში უხდებოდა გადაადგილება.

ქუჩის მიმდებარედ აუთვისებელი ტერიტორია კი, სადაც ახლა სარეკრეაციო ზონის მშენებლობა მიმდინარეობს, სტიქიურ ნაგავსაყრელს წარმოადგენდა.

პროექტით გათვალისწინებულია სკვერსა და სპორტული მოედნის მწყობა, რომელიც სამოქალაქო (თანამონაწილეობითი) ბიუჯეტიდან 97 500 ლარით, ხოლო გზის მოასფალტება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 717 000 ლარით დაფინანსდება.

აღნიშნული თანხით ქარხნის ქუჩის გარდა რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული კიდევ 6 ქუჩის (შრომის, კავსაძის, მარაბდელის 1 - ლი შესახვევის, უფლისციხის, სამადაშვილის, გაბაშვილის) ასფალტირება და სანიაღვრე სისტემების მოწყობა ხორციელდება.

სამუშაოები 4 თვეში დასრულდება და ქარხნის ქუჩის მოსახლეობა მიიღებს კეთილმოწყობილ გარემოს მოასფალტებული, ნიაღვრებისაგან თავისუფალი ქუჩით, სპორტული მოედნითა და საბავშვო ატრაქციონებით აღჭურვილი დასასვენებელი სკვერით.



Print

სტატიის გამოყენების პირობები