ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ ქვეშიდან მიულოცა - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ონიაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც გამგეობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლა-განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

გამგეობისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სოფლების კარბის, ქვეშისა და მერეთის საბავშვო ბაგა-ბაღებს სტუმრობდნენ და პატარებს 1 ივნისი მიულოცეს.

ბავშვებმა დღეს საჩუქრებიც მიიღეს, სტუმრებს კი საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ღონისძიებები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ბაღში გაიმართა. გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 40 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, მიმდინარე წელს კიდევ 4 ბაღის გახსნა იგეგმება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები