ახალი ამბები
გორში თევზაობისას მოქალაქეს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გაასამართლებენ
ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობის გამო მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, იგი, ქალაქ გორში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანკესზე გამობმული სახლართი ბადით, აკრძალულ პერიოდში თევზაობდა.

,,ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მოქალაქეს ჩამოერთვა სამართალდარღვევის იარაღი. მოპოვებული - 4 ცალი ხრამულის სახეობის თევზი გაშვებულ იქნა საბინადრო გარემოში." - აცხადებს პრეს-სამსახური.

რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, შიდა წყალსატევებში, აკრძალული საშუალებებით თევზჭერა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები