ახალი ამბები
გორის რაიონში ელგამრიცხველიანება ივნისში მთლიანად დასრულდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,ენერგო-პრო ჯორიის" წარმომადგენლები გამრიცხველიანების პროგრამას სრულად ამთავრებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, ამჟამად, სამუშაოები სოფელ ზემო ბოშურში მიმდინარეობს.

ივნისში კი, ატენის ხეობის ზემო ნაწილში მდებარე სოფლებში - ტუსრევი, ყველაანთ უბანი და ლევიტანა - გადაინაცვლებენ.

,,ფაქტობრივად, რაიონის ტერიტორიაზე ივლისამდე დამთავრდება სრული გამრიცხველიანება" - აცხადებს ბერდია გოგლოძე, რომელიც ენერგო-კომპანიის რეგიონალური წარმომადგენელია.

მიმდინარე წელს, 11 სოფელია გათვალისწინებული, სადაც 250 საყრდენი ბოძი იცვლება, ხოლო, სადენების სიგრძე 29 500 მ-ია.

გასულ წელს, ამავე კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, გორის რაიონში, 12 სოფელი გამრიცხველიანდა.

ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ მრიცხველების მონტაჟს; აღნიშნული პროცესი მოიცავს აგრეთვე 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციასაც, რომლის დროსაც ხდება ქსელის ინფრასტრუქტურის განახლება.

„ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანია კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციებს საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელში.“ – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები