ახალი ამბები
ოზურგეთის თეატრი გორში სტუმრობისთვის საგანგებოდ ემზადება
,,ოზურგეთის თეატრი, გორში, კომედიის საერთაშორისო ფესტივალზე, მონაწილეობს გიზო ჟორდანიას სპექტაკლით „ბოშები“, რომელიც ამ სახელოვანი რეჟისორის უკანაკსნელი ნამუშევარი აღმოჩნდა.

თეატრი „ბოშებს“ 11 ივნისს, 18 საათზე გორის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგენს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასო ჩიგოგიძის თქმით, კომედიის ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლი გიზო ჟორდანიას ხსოვნას ეძღვნება.

ოზურგეთის თეატრი „ბოშებს“ მთელ საქართველოს უჩვენებს და ეს თეატრის მხრიდან,  რეჟისორ  გიზო ჟორდანიას ხსოვნისადმი, მადლიერების გამოხატვაც არის:

- „თბილისშიც, საერთაშორისო ფესტივალებზეც, საქართველოს ყველა კუთხეში ვითამაშებთ დუმბაძის „ბოშების“ ჟორდანიასეულ ინტერპრეტაციას. გიზო ჟორდანია იყო მშვენება ჩვენი ფესტივალის, რომელიც შარშან პირველად გაიმართა. ოზურგეთის თეატრში ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა ბატონი გიზოს რეპეტიციები, იგივე მასტერ კლასები, რომელსაც მსხიობებთან ერთად დირექცია, შემოქმედებით-ტექნიკური პერსონალი, ვისაც საშუალება ჰქონდა, ყველა სიამოვნებით ადევნებდა თვალს. თეატრი მადლობელია მისი თანადგომისა და მეგობრობის. მაესტროს დიდკაცობას, დიდ პროფესიონალიზმს და მისი ნათელი სულის ხსოვნას ვუძღვნით მის ბოლო პრემიერას.“

გიზო ჟორდანიას „ბოშების“ პრემიერა ოზურგეთის თეატრის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა, რითაც გაიხსნა კიდეც ფესტივალი.

სპექტაკლის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გაფორმება ცნობილ კომპოზიტორს გომარ სიხარულიძეს ეკუთვნის.

სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის დასის თითქმის მთელი შემადგენლობა მონაწილეობს. სპექტაკლი აერთიანებს თეატრის ოთხივე თაობას.

გიზო ჟორდანიას დადგმა გაჯერებულია მუსიკალური ფოლკლორითა და ნოდარ დუმბაძის მახვილგონივრული იუმორით.

P.S. ოზურგეთი კი ის ქალაქია და მისი დრამატული თეატრი ის განსაკუთრებული ერთეულია, სადაც შემოქმედებითი ცხოვრება მაღალი იდეალებით სუნთქავს.“

ოზურგეთის თეატრის ადმინისტრაცია


Print

სტატიის გამოყენების პირობები