ახალი ამბები
,,გორში ახალგაზრდების 56% თეატრში არ დადის"
ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ქალაქ გორში, ახალგაზრდების 56% თეატრში არ დადის.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მეცხრე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ავრცელებენ.

პროექტის ,,სკოლა და თეატრის" ფარგლებში გამოკითხვა ქალაქის მასშტაბით ჩატარდა.

„ჩვენი გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ახალგაზრდების 56% არ დადის თეატრში. ყველამ ვიცით, რომ ხელოვნების აღნიშნული დარგი ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერების განვითარებას. თეატრის აღმზრდელობითი ფუნქციიდან გამომდინარე გორის მერიასთან ერთად დავგეგმეთ პროექტი, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში თეატრის პოპულარიზაცია.“ - აღნიშნა პროექტ „სკოლა და თეატრის“ ავტორმა ნათია მაკრახიძე.

ახალგაზრდებში თეატრის პოპულარიზაციის იდეას მერია მხარს უჭერს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, მესამე წელია,  მოსწავლე - ახალგაზრდებისთვის საინტერესო სკოლისგარეშე, არაფორმალური აქტივობების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

„სკოლა და თეატრი“ ერთ-ერთი მორიგი პროექტია, რომელიც გორის მე-9 საჯარო სკოლამ განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში განახორციელა.“ - განაცხადა გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თეატრალურ ხელოვნებასა და ისტორიას ეცნობიან.

გარდა ამისა, ახალგაზრდებს სპექტაკლების განხილვა-დისკუსიებში მონაწილეობის შესაძლებლობაც მისცა.

გორის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 35 000 ლარია გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა 4 პროექტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები