ახალი ამბები
სოციალური მიზნით მოჭრილი ხე სამშენებლო ფიცრად გაამზადეს
ბორჯომიდან ატენის მიმართულებით, სამშენებლო ფიცარი უნებართვოდ გადაჰქონდათ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მანქანის მძღოლმა, მხოლოდ, ბორჯომის სატყეო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა წარადგინა, რომლის მიხედვით, მოქალაქეს ხეები სოციალური, და არა კომერციული დანიშნულების მიზნით უნდა მოეჭრა.

,,ქალაქ გორში, მოქალაქე შ.ზ.-ს ავტომობილის ძარაზე, 7,5 მ3 ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც გაცემული იყო სოციალური ჭრის საფუძველზე, ბორჯომის სატყეოს მიერ" - აცხადებს პრეს-სამსახური.

მძღოლის განმარტებით, აღნიშნული ფიცარი ბორჯომიდან გორის რაიონის სოფელ ატენში გადაჰქონდა.

სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ეს ფაქტი, სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევაა.

შესაბამისი ოქმი რეაგირებისათვის სასამართლოს გადაეგზავნა.

რეიდი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს, შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები