ახალი ამბები
კასპში სტუდენტებმა თავდაცვის მინისტრს წვევამდელების თემაზე ჰკითხეს
25-წლის გიორგი მურადაშვილი გორიდან კასპში თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად ჩავიდა.

ოკუპაციის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიას, წვევამდელების შესახებ, ჰკითხა.

როგორც ცნობილია, ამჟამინდელმა მინისტრმა წინა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება გააუქმა და სამხედრო სამსახური სავალდებულო გახადა.

ლევან იზორიამ  აღნიშნა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის არსებობა აუცილებელია და საქართველოში ის გარკვეული სახის ცვლილებებით განხორციელდება.

გიორგი მურადაშვილი: ,,ეს პრობლემა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს წლებია აქვთ. პირადად, მეც შემექმნა პრობლემა.  რეზიდენტურა სწავლის დამთავრებიდან 6 თვის შემდეგაა, გაწვევა კი 2 კვირაში მომივიდა. ამის გამო, გვიწევს ჩავაბაროთ ან მაგისტრატურაზე, ან ხელახლა უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტებზე. მე, მაგალითად, პიარის ერთი სემესტრი დავხურე. ახლა კი, უკვე რეზიდენტურის გამოცდა ჩავაბარე. ვინც ვერ აბარებს ან თუ საბუთების შეტანა დაავიწყდა, გადავადებისთვის 2000 ლარს იხდის. ასეა ბიჭების უმრავლესობა. აქვე კიდევ ერთი პრობლემაა, მათ, ვისაც უკვე სამსახური აქვს, ცდილობენ, მისი დაკარგვის შიშით,  სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი აარიდონ." 



ფოტო: გიორგი მურადაშვილი

თავდაცვის მინისტრი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდებში ეს პრობლემა ნამდვილად დგას, თუმცა ამტკიცებს, რომ ცვლილებების შედეგად ეს სფერო უარყოფით განწყობებს აღარ გამოიწვევს.

,,წვევამდელებს უქმე დღეებში დასვენების საშუალება ექნებათ, მათი ხელფასი 50 ლარამდე მოიმატებს და მათი ლოკაციაც საცხოვრებელთან ახლოს იქნება. ისე, რომ ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია და ურთიერთობა ჰქონდეთ. ისინი ზუსტად იმ საბაზისო-საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რასაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მონაწილე პირები გადიან. წვევამდელების სისტემის ამოქმედების მნიშვნელოვანი არგუმენტია ეკონომიური ნაწილი. თუ წელიწადში საკონტრაქტო მოსამსახურე სახელმწიფოს 25 000 - 26 000 ლარამდე უჯდება, სავალდებულო მოსამსახურის შენახვა წელიწადში 9 000 ლარი უჯდება სახელმწიფოს“ - აცხადებს ლევან იზორია.

კასპის ოკუპაციის მუზეუმში ახალგაზრდებთან შეხვედრისას მინისტრმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში არსებულ გამოწვევებზე, უწყებაში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით მიმდინარე რეფორმებსა და და ნატოსთან მიახლოებულ სტანდარტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ამერიკელებთან ერთად ახალ პროგრამას ჩაეყრება საფუძველი, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ამაღლებას ითვალისწინებს. ამ პროგრამის გახნას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადრეულ ასაკში სამოქალაქო თავდაცვის განათლების აუცილებლობაზე. რა სახით იქნება სკოლებში ამ მიმართულებით სწავლება უკეთესი, ამაზე თავდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივ მუშაობას გეგმავენ.

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,არა ოკუპაციას“ ფარგლებშ მოეწყო, რომელსაც მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსი“ ახორციელებს.




ავტორი: ნინო ჩიბჩიური

Print

სტატიის გამოყენების პირობები