ახალი ამბები
ქალაქ გორს გაერთიანებულ საკრებულოში 5 მაჟორიტარი წევრი ეყოლება
,,საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქალაქ გორს საკრებულოში 5 მაჟორიტარი წევრი ეყოლება.

ამის შესახებ პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე შეიტანეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელების განცხადებით, საკრებულოს შემადგენლობაში, თვიმმართველი თემის და ქალაქის წარმომადგენელთა რაოდენობა დაბალანსდება.

ამჟამად, ქალაქი გორი 6 ზონადაა დაყოფილი - ცენტრალური ნაწილი, წმინდაწყალი, ვერხვების დასახლება, ჭალის, კომბინატისა და სადგურის დასახლება.

2010-2014 წლებში ქალაქიდან, მხოლოდ, ერთი მაჟორიტარი წევრი იყო არჩეული.

თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შემავალ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000 ან მეტია – მაჟორიტარული წესით საკრებულოს 5 წევრი აირჩევა.

ქალაქ გორის მოსახლეობის რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 49 ათასზე ოდნავ მეტია.

რაც შეეხება სხვა თვითმმართველი თემის ქალაქებს, იქ, სადაც მოსახლეობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 4 წევრი აირჩევა.

ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 2 წევრი აირჩევა.

ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით საკრებულოს 3 წევრი აირჩევა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები