ახალი ამბები
შიდა ქართლის სპეცრაზმის უფროსი პროკურატურაში არ დაუკითხავთ
37-წლის სულიკო ანესაშვილის დაღუპვის ფაქტზე პროკურატურას შიდა ქართლის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი ზვიად კაპანაძე არ დაუკითხავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზაზა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, შიდა ქართლის პროკურატურამ ოჯახს საქმის მასალების ნაწილი გადასცა, რომლის მიხედვით, შესაბამის სამმართველოსს უფროსს ჩვენება არც კი, მიუცია.

ნორმატივების ჩასაბარებლად პოლიციელები უფროსის ბრძანების საფუძველზე გავიდნენ.

გზა, სადაც ნორმატივები ბარდებოდა, გადაკეტილი არ იყო.

საქმე, 2017 წლის 25 თებერვალს მომხდარ ფაქტს ეხება.

ნორმატივების ჩაბარების დროს, სპეცრაზმის თანამშრომელს სატვირთო მანქანამ გადაუარა.

ადგილი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა, ასფალტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ასობით პოლიციელი ნორმატივებს ღია გზაზე აბარებდა.

სისხლის კვალის მიხედვით, აწ გარდაცვლილი გზის უკიდურეს მარჯვენა ზოლში მოძრაობდა. ის ხრეშით დატვირთულ მანანის ქვეშ მოექცა.

პროკურატურის ვერსიით, სპეცრაზმელი მანქანას შეახტა, თუმცა, თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა.

ოჯახის ვერსიით კი, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანის გავლისას, კუთხეში მოექცა.

რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული, ამის თაობაზე, პროკურატურას პასუხისმგებლობა არავისთვის დაუკისრებია.

ი.ხ ამავე თემაზე:

წვრთნის დროს დაღუპული სპეცრაზმელის მამა გარდაიცვალა


სპეცრაზმელს ვარჯიშის დროს სატვირთო მანქანამ გადაუარა
Print

სტატიის გამოყენების პირობები