ახალი ამბები
18-წლის ქეთევან ღვინიაშვილი გორში მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს
18-წლის ქეთევან ღვინიაშვილი, გორში, 1 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საკრებულოდან აცნობეს.

საკრებულოს პრეს-სამსახურის ცნობით, 1999 წელს დაბადებული ქეთევან ღვინიაშვილი ჭალის დასახლებაში მაღალი კლასის სასტუმროს აშენებას გეგმავს, რომელშიც ერთ მილიონ ლარს დახარჯავს.

ახლადგახსნილ სასტუმროში კი, 30 პირი დასაქმდება.

დოკუმენტაცია

დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, 2017 წლის 2 მაისს,  შპს „იემაი სეთის“ დირექტორმა ქეთევან ღვინიაშვილმა წერილობით მიმართა.

აღნიშნული წერილით იგი, ჭალის დასახლებაში მდებარე 5 250 კვ.მ. ფართობის მიწის პირდაპირი წესით გადაცემას, აღნაგობის და 99-წლიანი ვადით, ითხოვს.

მიწის ნაკვეთი ქალაქ გორში, ჩუბინიშვილის ქუჩის მიმდებარედ მდებარეობს.

წერილში აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთზე აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო, განხორციელდება ინვესტიცია 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო მისი ფუნქციონირების განმავლობაში დასაქმებულნი იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, სულ ცოტა 30 პირი.

აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „კომპაუდის“ წარმომადგენელმა, მიწის  საწყისი საპრივატიზებო ღირებულება  127 000 (ასოცდაშვიდი ათასი) ლარით განსაზღვრა.



ფოტოზე: ყვითლად მონიშნულია ის ადგილი, სადაც ერთი მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება



საკრებულოსა და მერიის პოზიცია

,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება გაიცეს პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით და აღნაგობის ფორმით.

,,მიეცეს თანხმობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს, პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის ფორმით, განსაზღვრული პირობებით, გასცეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი  ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით.  საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 127 000 (ასოცდაშვიდი ათასი) ლარით.  აღნაგობის წლიური საზღაური განისაზღვროს 6 350 (ექვსი ათას სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით." - აღნიშნულია საკრებულოს გადაწყვეტილებაში.

,,ამავე განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთზე აშენდეს სასტუმრო და დაიწყოს ფუნქციონირება აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში;  განხორციელდეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ვადის (5 წლის) გასვლის შემდეგ, აღნაგობის უფლების მქონემ, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა განხორციელებული ინვესტიციების ოდენობის შესახებ. აუდიტორის მომსახურების საზღაური გადაიხადოს „აღნაგობის უფლების მქონემ“. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის შემდეგ) ობიექტზე დასაქმებული იყოს საქართველოს მოქალაქე 30 პირი, რაც დადასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი დოკუმენტით. აღნიშნული დოკუმენტი აღნაგობის უფლების მქონემ უნდა წარმოადგინოს წელიწადში ერთხელ" - ამ განკარგულებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ როსებაშვილი.

განკარგულება ჯერ ძალაში არაა. ის უახლოეს სხდომაზე წარედგინა საკრებულოს წევრებს დასამტკიცებლად.

ორგანიზაციის შესახებ

შპს ,,იემსეთი" (emiset) დაფუძნდა 2017 წლის აპრილში.

27 აპრილს საჯარო რეესტრს ქეთევან ღვინიაშვილმა მიმართა და კომპანიის დაფუძნება მოითხოვა.

ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი თავადაა.

იურიდიული მისამართია გორი, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი პირის კერძო ბინა.

აღნიშნული პიროვნება მ. ქობულაშვილი უფლებას აძლევს ქეთევან ღვინიაშვილს მის საცხოვრებელ ბინაში დაარეგისტრიროს კომპანია.




საკრებულოს წევრებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები