ახალი ამბები
გარდაცვალების მიზეზებს შორის შიდა ქართლში სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევა და სიმსივნე ლიდერობს
შიდა ქართლში, ავადმყოფობით გარდაცვლილ ადამიანებს, უმეტესად, სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევის ნიშნები აღენიშნება.

ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.

მონაცემების მიხედვით, მაგალითად, 2015 წელს, შიდა ქართლში, სისხლის მიმოქცევის სისტემის მოშლა, დაავადებით გარდაცვლილ 3 570 პირიდან 40%-ს დაუდგინდა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზებს შორის, მეორე ადგილს, სიმსივნე იკავებს.

3 წლის დინამიკა ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად, სიმსივნით გარდაცვალილთა რიცხვი რამდენიმე ერთეულით მატულობს.




ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებათა შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გაანალიზების საფუძველზე გამოვლენილი მაჩვენებლების თვალსაჩინო ზრდა ასოცირებულია ჰიპერტონული დაავადების მკვეთრ მატებასთან.

დაავადებათა ძირითადი რისკ–ფაქტორებია:
- ოჯახური ანამნეზი
- ასაკი
- სქესი
- არაჯანაღი კვება
- დაბალი ფიზიკური აქტივობა
- თამბაქოს მოხმარება
- მაღალი არტერიული წნევა
- დისლიპიდემია სისხლში
- ჭარბი წონა/სიმსუქნე
- შაქრიანი დიაბეტი და სხვა პრედისპოზიციური მდგომარეობები
- მეტაბოლური სინდრომი
- პერინატალური ფაქტორები
- ანთებითი მარკერები.

მსოფლიოში 25 წლის ასაკის უფროს პოპულაციაში 40% აქვს მაღალი წნევა (≥140/90 მმ.ვერცხ.სვ), 1980 წელს არტერიული წნევის 600 მლნ. შემთხვევიდან, 2008 წლისათვის ეს რაოდენობა მილიარდამდე გაიზარდა.

51%-ში არტერიული ჰიპერტენზია ასოცირებულია ინსულტით და 45%-ში გულის კორონარული დაავადებით სიკვდილიანობასთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები