ახალი ამბები
დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ხაშურის საავადმყოფოდან ახალციხეში გადაასვენეს
ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე პირველი კლასის რიგითმა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევა 2017 წლის 26 ივნისს მოხდა.

სამცხე-ჯავახეთის მედია-პორტალის ,,sknews.ge"-ს ცნობით, გარდაცვლილი ჯარისკაცი ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდიდანაა.

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურემ, 1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა.

თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები