ახალი ამბები
სოფელ ნიქოზს უკრაინის დელეგაცია ეწვია
უკრაინის ქალაქების მერები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შიდა ქართლში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდნენ.

ვითარების ადგილზე გასაცნობად ისინი სოფელ ნიქოზს ესტუმრნენ. მათ ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა.

,,უკრაინელ სტუმრებს გავაცანით 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მათზე რეაგირების შესაძლებლობები. მივაწოდეთ ინფორმაცია ამბულატორიის შესახებ, ასევე ვესაუბრეთ ამ დაწესებულების როლზე ქართულ-ოსური ურთიერთობებსა და ნდობის აღდგენის პროცესში. გავაცანით ჩვენი მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით“-ამბობს, ამბულატორიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ძამუკაშვილი.

შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებმა ნიქოზის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ღობეები და ამკრძალაბვი აბრები ნახეს.

მათი თქმით 21- ე საუკუნეში ასეთი სახის გამყოფი ხაზებით მოსახლეობის დაცილება ერთმანეთისგან აღმაშფოთებელია.

სტუმრებმა მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან პარალელები გაავლეს, სადაც, მათი თქმით, ჯერ კიდევ დაპირისპირება და საომარი მოქმედებებია.

საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შიდა ქართლიდან კახეთისკენ გაემართა.



ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები