ახალი ამბები
1 ივლისიდან ,,Art House"-ის რეაბილიტაცია განახლდება
ყოფილ საგამოფენო სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივლისიდან განახლდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბი" ავრცელებს.

კლუბის წარმომადგენლის ცნობით, შიდა ინტერიერს, ამ ეტაპზე, საკუთარი სახსრებით შეაკეთებენ.

ოთო გვრიტიშვილი ამბობს, რომ მისი გუნდის წევრები ყოველ შაბათს იკრიბებიან და მუშაობენ.

2016 წლის ნოემბერში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბს" შენობა და ტერიტორია დროებით სარგებლობაში, 2 წლის ვადით გადასცა.

ქალაქის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ პერიოდში, კლუბის წევრებმა ხელოვნების სახლი ,,არტ ჰაუსი" უნდა მოაწყონ.

ხელოვნების სახლში ახალგაზრდებისთვის გამოფენები, შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

ორი თვის წინ, საგამოფენო სახლის რეაბილიტაციის მიზნით, ჰოლანდიის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გრანტი გამოყვეს.

გორის მერის მრჩევლის, შალვა ტლაშაძის თქმით, გრანტი, მთლიანად, ჰოლანდიურმა ჯგუფმა აითვისა.

,,აღნიშნულ სამუშაოებზე დაახლოებით 40 000 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა მთლიანად სტუმრებმა აითვისეს. 32 ათასი ლარი მათ მგზავრობაში და აქ ცხოვრებაში დაიხარჯა. 20-კაციან გუნდში შედიოდნენ იქაური პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები. ამჯერად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ პროექტის გასაგრძელებლად" - აცხადებს შალვა ტლაშაძე.

















Print

სტატიის გამოყენების პირობები