ახალი ამბები
სახლის სარდაფი ერგნეთში, სადაც მუზეუმი განთავსდება
ერგნეთში, ლია ჩლაჩიძის სახლის სარდაფში, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების ამსახველი ნივთები განთავსდება.

საწყის ეტაპზე, მიმდინარე წლის ივლისში, ტერიტორია მოსუფთავდება. მასალების შეგროვება დაიწყება, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობა და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგროვებულ ნივთები, ჯერ კიდევ, დაუმთავრებელ მუზეუმში შეინახება, მათ შორის, ერთერთი მცხოვრების დამწვარი ავტომანქანა. ეს მანქანა 9 წელია ლია ჩლაჩიძის სახლის ეზოში დგას.

,,ეს იქნება საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიაზე და სხვა მსგავსი მიმართულების საკითხებზე შეხვედრა-დისკუსიები მოეწყობა. აქ განთავსდება დამწვარი და ომის შედეგად დაზიანებული სხვადასხვა ნივთები, რომლებსაც დღემდე ინახავენ როგორც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებლები, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან რაიმე შეხება ჰქონდა." - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

ლია ჩლაჩიძე განმარტავს, რომ ეს არ იქნება აგრესიის მუზეუმი:

,,ეს იქნება სივრცე, სადაც კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ მშვიდობის ფასს და მის უალტერნატივობას. ომი არ სცნობს ეროვნებას, მან მშვიბიანი მოსახლეობა ორივე მხარეს დააზარალა. ახალმა თაობამ უნდა ნახოს და იცოდეს, თუ რა შედეგები მოყვება საომარ მოქმედებებს, იმისთვის რომ ჩაერთონ სამშვიდობო პროცესებში და ხელი შეუშალონ დაძაბულობასა და შუღლის გაღვივებას. " - განმარტავს ლია ჩლაჩიძე.

2017 წლის 8 აგვისტომდე ლია ჩლაჩიძე, მოხალისეებთან ერთად, მუზეუმის ინტერიერის მოწყობას გეგმავს. ომის დროს დაზიანებული სივრცე ამ პერიოდში აუდიო და ვიზუალურ მასალას მოიცავს.




ავტორი: ნინო ჩიბჩიური


Print

სტატიის გამოყენების პირობები