ახალი ამბები
გორის სტადიონზე დღევანდელი მატჩის ბილეთები გადამყიდველებთან იყიდება
2-ლარიანი ბილეთების დიდი ნაწილი, რომელიც პარასკევ-შაბათს, გორის ,,დილას" სტადიონის სალაროებთან, ასევე, ელექტრონულად გაიყიდა, ამჟამად, გადამყიდველების ხელშია.

ამის თაობაზე გორელი გულშემატკივრები სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიან და ბილეთებს გადამყიდველებისგან შოულობენ.

თითო ბილეთის ფასი 10-დან 40-ლარამდე მერყეობს. 

დღეს, გორის ,,დილას" სტადიონზე, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იმართება, სადაც ერთმანეთს საქართველო-პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრები შეხვდება.

გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, სტადიონზე დასასწრებად 3700 ბილეთი იყო გათვალისწინებული. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გუშინვე წერდა, რომ ბილეთები მოქალაქეებს დღის მეორე ნახევარში უკვე აღარ დახვდათ. მთლიანად გაყიდული იყო ელექტრონული ბილეთებიც.

,,უეფას მოთხოვნა იყო, რომ ბილეთები მთლიანად გაყიდულიყო. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, ბილეთების ნაწილი სალაროებში გავყიდეთ, რადგან ბევრს შესაძლოა ელექტრონულად ვერ მოეხერხებინა ყიდვა და ვერ შეეძლო" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ჩემპიონატი საქართველოში 15 ივლისამდე გაგრძელდება. გორში სულ ოთხი თამაში ჩატარდება. დღეს, ჩემპიონატის საზეიმო გახსნაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები