ახალი ამბები
ცაბაძის ქუჩაზე გამოძახებული სამედიცინო ბრიგადა 25 წუთში მივიდა
სავარაუდოდ, ძლიერი სიცხის გამო, 20-წლამდე ასაკის გოგონა ცუდად გახდა.

ცაბაძის ქუჩაზე ტაქტის მძღოლებმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს.

მედიკოსები ადგილზე, 25 წუთში მივიდნენ. სკვერში შეკრებილებს ბოდიში მოუხადეს და განუცხადეს, რომ სოფელ ვარიანში იმყოფებოდნენ სხვა გამოძახებაზე და მიმართვიანობა გაზრდილია..

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ბრიგადა, გორის მესამე საჯარო სკოლის შენობაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

მეორე ბრიგადას მესამე სკოლის ეზოს მიტოვების უფლება, სწორედ, გამოცდების გამო, არ ჰქონდა. ამასობაში, გამვლელების დახმარებით, გოგონას მდგომარეობა სტაბილური გახდა.

,,ზაფხულის ცხელ სეზონთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე და დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლისგან შეიკავოთ თავი" - ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

განსაკუთრებული სიფრთხილისკენ სამინისტრო მცირეწლოვანთა მშობლებს და 60 წელს გადაცილებულ პირებს მოუწოდებს.

„თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საუალებებში“, — ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.

,,თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანის სხეული ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს."

„სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი. ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს დღის განმავლობაში მიიღონ მეტი სითხე, გრილი შხაპი. ქუჩაში გასვლისას ატარონ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე.

სინოპტიკოსები 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში +38 გრადუსამდე სითბოს, აღმოსავლეთში კი +40 გრადუსამდე პროგნოზირებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები