ახალი ამბები
შიდა ქართლში ავტომანქანიდან ნარჩენების გადაგდების გამო 104 პირი დააჯარიმეს
ბოლო სამი თვის განმავლობაში, შიდა ქართლში, ავტომანქანიდან ნარჩენების გადაგდების გამო, 104 პირი დააჯარიმეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ მიმართულებით, გამოვლენილი დარღვევების კუთხით, რეგიონი ქვეყნის მასშტაბით, მესამე ადგილს იკავებს.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ჯარიმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაიწერა 143 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი - 136 ოქმით;

დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ (იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) 96 - შემთხვევა დააფიქსირა. აჭარის სამმართველომ გამოავლინა სამართალდარღვევის 77 ფაქტი;

სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ - 31 ფაქტი, ხოლო კახეთის სამმართველომ - 27 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის სულ 779 ფაქტი გამოავლინეს.

,,გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითადი ნაწილს, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებია შედგენილი, ავტომანქანიდან გადმოგდებული საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამოვლენის ფაქტები შეადგენს." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

აპრილ-ივნისში ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული, შედგენილი საჯარიმო ოქმებიდან, ყველაზე მეტი - 165 სამართალდარღვევა თბილისის მასშტაბით გამოვლინდა.

ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით,

3 კგ-მდე ნარჩენის დაგდება ქუჩაში ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით.

შენობიდან ნაგვის გადმოყრისას – 100-ით,

ხოლო ავტომობილიდან -120 ლარით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები